სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა – პროექტის პრეზენტაცია რუსთავში

2017 წ. 25 ივლისს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (KEDEC), ევროკავშირის პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ქვემო ქართლში  მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პროექტის  საქმიანობების პრეზენტაცია გამართა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა რეგიონალური ,,ჰაბების“ შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. რეგიონალური ,,ჰაბების“ შექმნა საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენს ამ პროექტის ერთ–ერთ ინოვაციურ კომპონენტს, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას რეგიონებში. ,,ჰაბი“ იქნება ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. რეგიონალური ,,ჰაბების“ ინსტიტუციონალურ და ტრენინგებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კონსორციუმი.

სულ, ქვემო ქართლის რეგიონის 30 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნა მოწვეული ღონისძიებაზე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი, ლია კილაძე სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე.

 

„სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების ინიციატივა“ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. ჩვენ ვისწრაფით დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებისათვის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის;  მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს (ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლება, ბიზნესი და მედია) შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას; ვეხმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა უფრო ეფექტურად უზრუნველყონ        ფართო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირება და ამით გაზარდონ მათდამი ნდობა საზოგადოებაში. ჩვენ გვსურს, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში და უკეთ იყოს დაცული ნაკლებად პრივილიგირებული ჯგუფების ინტერესები. 

2020 წლის ბოლომდე, 5,07 მილიონი ევროს ბიუჯეტით (ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 3,8 მილიონ ევროს) განხორციელდება 110 აქტივობა, გაიცემა 720 ათასი ევროს ღირებულების 80–მდე ქვეგრანტი და 2500–ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ჩაერთვება დაგეგმილ აქტივობებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.