ჩვენს შესახებ

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი  მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

თავდაპირველად ორგანიზაცია დაარსდა ვოლდ ვიჟენ საქართველოს პროექტის ,ვსწავლობთ ცხოვრებას“ ფარგლებში 2004 წელს სახელწოდებით: ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“. პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ და ხორციელდებოდა ვოლდ ვიჟენ საქართველოს ოფისის მიერ საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთი, აჭარა, კახეთი.

ახალგაზრდული სათემო ცენტრები ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო  და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ინიცირებული  დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის განხორციელებას სამიზნე რეგიონებში. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა პირველი საპილოტე ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლები“, რომელთა მენეჯმენტი ხორციელდებოდ ახალგაზრდული სათემო ცენტრების მიერ. საქართველოში პირველად, 24 სოციალური მუშაკით შემდგარი ჯგუფი გადამზადდა TEMPUS–ის პროგრამით და ჩაერთო პროექტის განხორციელებაში. პროექტის დასრულების შემდეგ მათი საქმიანობების ინტეგრირება მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის რეგიონალურ ოფისებში.

პროექტის დასრულების შემდეგ, 2008 წლის 10 იანვარს,  დაარსდა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოდელით. ცენტრმა დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვნად განავითარა მისი გამოცდილება განათლების, დასაქმების, ბავშვთა დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში.   

ამჟამად ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ბავშვთა დაცვა, ეკონომიკური განვითარება და განათლება.

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამული მიმართულებების ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ემსახურება ორგანიზაციის მისიისა და პროგრამული მიზნების მიღწევას.

2008 წლის იანვრიდან დღემდე, ორგანიზაციამ 40–ზე მეტი პროექტი განახორციელა ბავშვთა დაცვის, სამოქალაქო განათლების და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და 10,700–ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია მომსახურება. ორგანიზაციის ხელშეწყობით პროფესიული ორიენტაციის, კარიერის განვითარების და სახელობო უნარების შემსწავლელი ტრენინგები 1678–მა ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 60% დასაქმდა მუდმივ სამუშაო ადგილზე. ფსიქო–სოციალური სარეაბილიტაციო მომსახურება (კონსულტაციები, დღის ცენტრებით მომსახურება შშმ ბავშვებისთვის, სოციალური მხარდაჭერა და სხვა) გაეწია 1260–ზე მეტ ბენეფიციარს.