მისია

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

თავდაპირველად ორგანიზაცია 2004 წელს დაარსდა World Vision  საქართველოს პროექტის ,,ვსწავლობთ ცხოვრებას“ ფარგლებში სახელწოდებით:,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“. პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ და ხორციელდებოდა საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთი, აჭარა, კახეთი.

ახალგაზრდული სათემო ცენტრები ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ინიცირებული დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის განხორციელებას. სამიზნე პროექტის ფარგლებში შეიქმნა პირველი საპილოტე ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლები“, რომელთა მენეჯმენტი ხორციელდებოდა ახალგაზრდული სათემო ცენტრების მიერ. საქართველოში პირველად 24 სოციალური მუშაკით შემდგარი ჯგუფი გადამზადდა TEMPUS–ის პროგრამით და ჩაერთო პროექტის განხორციელებაში.

პროექტის დასრულების შემდეგ, 2008 წლის 10 იანვარს, დაარსდა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოდელით. ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვნად განავითარა მისი გამოცდილება განათლების, დასაქმების, ბავშვთა დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში.

ამჟამად ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: 

  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება,
  • ბავშვთა დაცვა, 
  • ეკონომიკური განვითარება,
  • განათლება.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამული მიმართულებების ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ორგანიზაციის მისიის და პროგრამული მიზნების მიღწევას ემსახურება.

2008 წლის იანვრიდან დღემდე, ორგანიზაციამ ოთხივე მიმართულებით განხორციელებული 40–ზე მეტი პროექტით 10,700–ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია მომსახურება.