დირექტორისგან

2016 წელს, ჩვენ ორგანიზაციის დაფუძნებიდან მეცხრე წელი ვიზეიმეთ. გასულმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიუხედავად, სტაბილური ინსტიტუციონალური ზრდისა, ყოველ მომდევნო წელს, უფრო დიდი გამოწვევების წინაშე ვდგებით. სწრაფი ტემპით გვიხდება გეოგრაფიული მასშტაბების ზრდა და პროგრამული მიმართულებების განვითარება სამიზნე ჯგუფების წინაშე არსებული გადაუდებელი საჭიროებების საპასუხოდ. თუმცა ეს ცვლილებები საინტერესოს ხდის ჩვენს საქმიანობას,  განაპირობებს გუნდის წევრთა ერთი საერთო მიზნისკენ სწრაფვას (ორიენტირება, კონცენტრაცია, ფოკუსირება) და გუნდის განმტკიცებას.

ჩვენ უკეთესობისკენ ვცვლით ადამიანების ცხოვრებას. თითოეული წარმატებული მაგალითი გვაძლევს სტიმულს, გვიზრდის უფრო და უფრო ამბიციური მიზნების დასახვის სურვილსა და მოტივაციას.

ჩვენი გუნდი, სამიზნე ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხების გრძელვადიანი მოგვარებისთვის (sustainable solution) თანამშრომლობისა  და ურთიერთდახმარების გზას ანიჭებს უპირატესობას. ამის მაგალითია მოსახლეობის ფორუმები ადგილობრივი ბიუჯეტისთვის დაგეგმვისთვის, რომელიც მოგვიანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ  დანერგა; ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული დასაქმების სერვისი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დონორებისა და პარტნიორების წვლილი ჩვენს მიერ წარმოდგენილ შედეგებში, რისი მიღწევაც წარმოუდგენელი იქნებოდა მათ მიერ ნდობის გამოცხადებისა და მხარდაჭერის გარეშე.

ლია კილაძე